კალაძის განცხადებით, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისა და მართვის საკითხში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნების ნაწილს ეთანხმება და მზად არის, მომავალში პრაქტიკაში გაითვალისწინოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისა და მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა.
ამასთან, მისი თქმით, მერიას აქვს დასაბუთებული პასუხები იმ შენიშვნებზე, რომელსაც არ იზიარებს და მზადაა, შესაბამის უწყებებთან ითანამშრომლოს.
რაც შეეხება აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნახსენებ, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას, მერის განცხადებით, მას ანგარიში კონკრეტული კომპანიებისა და პიროვნებების დონეზე არ განუხილავს.
„არ ვიცი, კონკრეტული კომპანიების და კონკრეტული პიროვნებების დონეზე არ ჩავსულვარ. აქ საუბარია კომპლექსურ პრობლემაზე, რაც აუდიტის დასკვნაშია მითითებული და რის ნაწილსაც ჩვენ ვეთანხმებით. რეკომენდაციები სამომავლოდ აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ჩვენი მიდგომებიც ასეთია. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, ალბათ, აუდიტის სამსახური მასალებს გამოძიებას გადაუგზავნის, რადგან ეს გამოძიების საქმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა და დარღვევა-ნაკლოვანებები გამოავლინა. ამასთან, აუდიტის სამსახურის დასკვნაში, საუბარია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტზე“. რეესტრის მონაცემებით, ფარცხალაძე დღეს კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორია. ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს, გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება 2016 წელს მიწის ნაკვეთით მოხდა. ამასთან, ზარალის მიღების პერიოდთან შედარებით, ნაკვეთის ღირებულება დაახლოებით 5-ჯერ მეტი იყო.