კალაძე - არსებობენ სოციალურად დაუცველებს ამოფარებული ადამიანები, რომლებიც უკანონო მშენებლობებიდან სარგებელს ნახულობენ
თბილისის მერმა კახი კალაძემ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ქალაქში მოქმედ სქემაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, არსებობენ სოციალურად დაუცველთა ფარს ამოფარებული ადამიანები, რომლებიც უკანონო მშენებლობებიდან გარკვეული სახის სარგებელს ნახულობენ.
„უკანონო მშენებლობები საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. არსებობს ადამიანთა სპეციალური ჯგუფები, რომელთაც სოციალურად დაუცველი ადამიანები ჩამოჰყავთ რეგიონებიდან და გარკვეულ თანხებს აძლევენ იმისთვის, რომ გარკვეული ტერიტორიები მონიშნონ და უკანონოდ აშენონ პატარა ერთსართულიანი სახლები. ისინი ცდილობენ, გარკვეული დროის შემდეგ მოხდეს ამ სახლების დაკანონება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ”,- განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, ამის შესახებ სამართალდამცავებისთვის ჯერ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, თუმცა ამ უკანონო ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას აუცილებლად მოახდენენ.
კახი კალაძის განცხადებით, ასეთი მშენებლობების დემონტაჟზე ადამიანების ნაწილი გაფრთხილებულია და გონივრული ვადაც მიცემულია, თუმცა მსგავსი მშენებლობები ასეულობითაა ქალაქის თითქმის ყველა უბანში.