თბილისის მერია ცოტნე დადიანისა და თამარ მეფის გამზირების ერთმანეთთან დაკავშირების პროექტის განხილვას იწყებს
დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირისა და თამარ მეფის გამზირის ერთმანეთთან დაკავშირება განიხილება.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, კახი კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ცოტნე დადიანის გამზირისა და თამარ მეფის გამზირის ერთმანეთთან დაკავშირებას განვიხილავთ. ამასთან დაკავშირებით ფრანგულმა კომპანიამ „სისტრა“, რომელიც აყვანილი გვყავს და გვეთანამშრომლება, რათა ქალაქში მოწესრიგებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მარშუტების მიმართულება, პროექტი დასამუშავებლად მოგვცა, ანუ, ჩვენ პროექტი უნდა დავამუშავოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი ამის განხორციელება. მინდა ირაკლი ბენდელიანას დავავალო, რომ მუშაობა დაიწყოს, თუ არის შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება, რომ დადიანის გამზირი თამარ მეფის გამზირს დავაკავშიროთ. შესაბამისად, ნაკადები თამარ მეფის ხიდზე გადმოვა“, – აღნიშნავს კალაძე.
კალაძის ინფორმაციით, ამჟამად, დადიანის გამზირიდან თამარ მეფის მიმართულებით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არ არსებობს.
„ვფიქრობთ, ამ კონკრეტული გზის მშენებლობა მნიშვნელოვანი იქნება. ალბათ, პროექტის სახით, ერთდონიანი პანდუსი უნდა განხორციელდეს. ვნახოთ, თუ კვლევები იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროექტი განხორციელებადი იყოს, აუცილებლად გავაკეთებთ. ამასთან დაკავშირებით სრული სურათი რაც შეიძლება მალე უნდა გვქონდეს“, – განაცხადა კალაძემ.