კახეთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ბიუროს კახეთის განყოფილება ავრცელებს.
„თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა იმ ქვეყნების დამატების ხარჯზე, რომელშიც კორონავირუსის შემთხვევები მოგვიანებით დაფიქსირდა. მაგალითად, რუსეთი, თურქეთი და პოლონეთი. თავდაპირველად რისკის შემცველი იყო ოთხი ქვეყანა, შემდეგ კიდევ დაემატნენ სხვა ქვეყნები და შესაბამისად, ჩვენც ამ ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე დავიწყეთ დაკვირვება, რის გამოც რიცხვი გაიზარდა, თუმცა ეს მონაცემები ყოველდღე იცვლება“, – განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთში ორი საკარანტინო სივრცეა.
გასული ღამის განმავლობაში საკარანტინო ზონაში ახალი ნაკადი არ დამატებია და კარანტინში 33 მოქალაქე რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაცია მოეხსნა 11 ადამიანს, ხოლო ამ წესის დარღვევისთვის გასული დღე-ღამის განმავლობაში კარანტინში რვა ადამიანი გადაიყვანეს.