კახეთში ტრაქტორის დაჯახების შედეგად მოქალაქის დაღუპვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. მას ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 მარტს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს – 1965 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.