კახეთში სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისგან დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარებს
კახეთში სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისგან დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის მისაღებად.
სამინისტროს ინფორმაციით, ყურძენს აკურის, ყვარლის, გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციებიც გაიხსნება.
სტიქიის შედეგად კახეთში 4-5 ათასი ჰექტარი ფართობია განადგურებული, საიდანაც 15-20 ათასი ტონა ყურძენს ელოდებიან. რთველის შტაბის ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, დაზიანებული ყურძნის შესყიდვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს.რაც შეეხება ყურძნის ფასს, რქაწითელს 50 თეთრად, საფერავს კი ერთ ლარად შეისყიდიან.
„სტიქიის შედეგად დაზიანებული ფართობებზე სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებია, ზოგან მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა, ზოგან უკეთესი მდგომარეობაა და 10-20 პროცენტია დაზიანება. პირველ ეტაპზე მოსახლეობამ უნდა ჩააბაროს დასეტყვილი ყურძენი. მთლიანად სამივე მუნიციპალიტეტიდან ველოდებით ოცი ათას ტონამდე ყურძენს. დასეტყვილ ყურძენზე ფასი ერთ კილოგრამზე გადაწყდა 0,50 ლარი, ხოლო საფერავზე ერთი ლარი“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
წუხელ გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ათზე მეტი სოფელი დააზარალა. თითქმის მთლიანად გაანადგურა ვენახები და ერთწლოვანი კულტურები, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლის სახურავები.
სტიქიის შედეგების დასათვლელად რეგიონში სპეციალური შტაბი მუშაობს. მოსახლეობა დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაში დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.