კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს

კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“, სადაც აქცია იმართება, სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სასტუმროსთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც  სასტუმროს ტერიტორიიდან მიკროავტობუსი გამოვიდა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მიკროავტობუსში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მიკროავტობუსს კვერცხები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები არიან სასტუმროში „ყვარლის ტბა“, სადაც, სავარაუდოდ, წვეულების გამართვა იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს სასტუმროს ადმინისტრაცია. გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.