კახეთში სასწრაფო დახმარებისა და „ცხელების ცენტრებში“ მომუშავე მედპერსონალის მიზნობრივი ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მედპერსონალს ორკვირიანი ინტერვალით კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება უტარდება.
„მიზნობრივი ტესტირებები შეეხებათ ასევე სხვა მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს, მათ შორის, პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მაღაზიების, სააფთიაქო ბიზნესისა და სილამზის სალონის პერსონალს. ტესტირება ამ ეტაპზე „პისიარ“ტესტებით მიმდინარეობს, შემდგომში შესაძლებელია ნიმუშის აღების სხვა ალგორითმი იქნას შემუშავებული“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამ ეტაპზე კახეთის 11 საკარანტინო სივრცეში 411 მოქალაქე იმყოფება.