სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ხუთში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, დაფიქსირდა არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რის გამოც ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, ობიექტებს „ფიროსმანი“, „მარანი“ და „ძველი სიღნაღი“ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო „ბურჯს“ და „ტერასა სიღნაღს“ დღეისათვის კვლავ შეჩერებული აქვთ.
სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სოფელ ყარაჯალაში არსებულ ხორცის სარეალიზაციო ბაზარში – შპს „ფალავანი“, რის გამოც ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
„რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების და რეალიზატორების შემოწმებაც. სააგენტოს ინსპექტორებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს „ნობეკოს“ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.