კახეთში კორონავირუსზე მორიგი ტესტების შედეგები მიიღეს, ყველა პასუხი უარყოფითია
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 192 ნიმუშიდან 105 ტესტის პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია, დანარჩენი ტესტების პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელის ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრებში და საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ანალიზებს დღესაც აუღებენ და გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში.
კახეთის რეგიონში 10 საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც 473 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 34 ადამიანი რჩება.
რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ბოლო ინფორმაციით, კახეთში კოროვირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.