კახეთში ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა
გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული შ.ე. და1995 წელს დაბადებული დ. ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ გურჯაანში, ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე კლუბის დაცვის თანამშრომლებს – შ.ე.-სა და დ.ა.-ს 1989 წელს დაბადებულ ვ.მ.-სთან და 2 თანხმლებ პირთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულებმა ვ.მ- ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის ვ.მ.-ს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინტენსიური მკურნალობა უტარდება.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.