კახეთში გამოკვლეული 84 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
კახეთში გამოკვლეული 84 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

კორონავირუსით დაინფიცირებული საგარეჯოელი მამაკაცის 18 კონტაქტიდან ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის გამოკვლევა დასრულებულია და ისინი დღეს დატოვებენ კარანტინის ზონას, დანარჩენი 14 ადამიანი კი, კარანტინის სივრცეში საინკუბაციო პერიოდისთვის განსაზღვრული ორი კვირის განმავლობაში დარჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად გაგზავნილი 84 ნიმუშიდან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

„საგარეჯოში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილმა მოქალაქეებს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.