კახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უცვლელია, კოვიდინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 24-ია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, გუშინ რეგიონიდან გაგზავნილი 1 069 ნიმუშიდან 256-ის პასუხი ნეგატიურია.
ამ დროისთვის კახეთში კორონავირუსთან დაკავშირებით კვლავ სამი კლასტერია: ველისციხის, ლაგოდეხის და მატანის.
მეორე დღეა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის შესასვლელში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. ამ დრომდე საეჭვო სიმპტომების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ 24 პაციენტს, ხიზანიშვილის განმარტებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, განსაკუთრებით მსუბუქია ათი თვისა და ათი წლის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის 813 ნიმუშის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.