კახეთში ახალ კორონავირუსზე 50 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია, რეგიონში „კოვიდ-19“-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
22-26 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თელავში ჩატარდა სეროპრევალენტური კვლევა. ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეული იყო 15 ე.წ. კლასტერი, მათ შორის 10 სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური და ქალაქ თელავის ხუთი ე.წ. კლასტერი. სულ აღებული იყო 150 ნიმუში.
„ნიმუშების ტესტირება ხდებოდა ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით, როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. კვლევა დასრულებულია. საბოლოო შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.