კახეთში 7 სექტემბრის მონაცემებით, 17 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 10 ათას ტონამდე საფერავია, 4 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 27 მლნ ლარს მიაღწია.
„კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელმა დღე-ღამეში 4 ათას ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ყურძნის კრეფის პროცესი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო, გარდა საგარეჯოსი, სადაც ტრადიციულად რთველი შედარებით მოგვიანებით იწყება“, – აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში 135 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყურძენი უკვე გადაამუშავა ღვინის 60-მდე კომპანიამ.