კახეთში 136 პაციენტის ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ლუგარის ცენტრში კახეთის რეგიონიდან გაგზავნილი 136 საეჭვო პაციენტის ნიმუშზე პასუხი ნეგატიურია, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
ამავდროულად კახეთში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება.
ხიზანიშვილის განმარტებით, სოფელ ყარაჯალის ორი დადასტურებულ შემთხვევის შემდეგ ეპიდკვლევა გაგრძელდა, რის შედეგადაც გამოიკვეთა ახალი გარემოებები.
„კარანტინში გადაიყვანეს ორი პირი, თვითიზოლაციაში ხუთი პირი. 13 კონტაქტირებულ პირს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება. ტესტირების შედეგები ყველა უარყოფითია. 5 ივლისს იწურება 14 დღიანი კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა. ყველა კონტაქტს ხვალ ჩაუტარდება საბოლოო ტესტირება.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 6385 ნიმუში, აქედან 2386 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 268, ტრაილერის მძღოლი 35, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 45. ამ ეტაპზე სამ საკარანტინო სივრცეში 97 ადამიანი იმყოფება.