კახეთის რეგიონში სოფლის მოსახლეობას კორონავირუსზე ტესტს ადგილზე ჩაუტარებენ
კახეთის რეგიონში სოფლის მოსახლეობას „კოვიდ-19“-ზე ტესტს ადგილზე ჩაუტარებენ. სწრაფი ტესტის ჩასატარებლად სოფლის ამბულატორიის ექიმები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან.
„სოფლებიდან მოსახლეობას აღარ მოუწევს სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა და ამ მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, სადაც ინფიცირების მეტი შანსია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.
„დადებითობის მაჩვენებელი კახეთში 23 პროცენტს გაუტოლდა, ეს ეხება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელსაც. ერთადერთი, რაც შედარებით დასტაბილურდა, ლეტალობის მაჩვენებელია. ყველაზე რთული ვითარება გვაქვს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, ეს სიტუაცია გამოიწვია შემოდგომასთან დაკავშირებულმა მობილობის ინტენსივობამ, ამას დაემატა სკოლებში და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება. ამ ეტაპზე კახეთში მოქმედი შვიდი კოვიდკლინიკა სრულად დატვირთულია და თუ ადგილის პრობლემა იქნება, ასეთ შემთხვევაში პაციენტის გადაყვანა ხდება თბილისში“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.