კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები გაანეტირალა, – ამის შესახებ ინფორმაციას შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი“ ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, 29 აპრილს კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 1500 კმ2-მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რისთვისაც სისტემამ 270-მდე რაკეტა გაისროლა.
უწყების ცნობით, რეგიონში დღის მეორე ნახევარში ფრონტალური ღრუბლის მასები ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებიდან შემოვიდა, რასაც დაემატა ადგილობრივად ჩამოყალიბებული შიდამასიური ნალექის მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 20 მმ იყო.
29 აპრილის 19:00 საათიდან 23:00 საათამდე ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლის წყაროს რაიონებში სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
ცენტის ინფორმაციით, სეტყვასაწინააღმდეგო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მუდმივად აკვირდება კახეთის რეგიონის თავზე მიმდინარე ატმოსფერულ პროცესებს.
კახეთის რეგიონს სეტყვასაწინააღმდეგო სერვისს „დელტას“ ნაცვლად, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი უწევს. შპს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.