კახეთის რეგიონში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები კახეთის რეგიონის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და მოხალისეთა ერთობლივი ჯგუფი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდის. გახმოვანების აპარატით სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისაკენ, სახლში დარჩენისკენ და გარეთ გამოსვლის შემთხვევაში, ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდებენ. მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტების დეზინფიცირების სამუშაოები.
„დეზინფიცირება უტარდება სავაჭრო ობიექტებს, ბანკებს, აგრარულ ბაზარს და საჯარო დაწესებულებებს. საინფორმაციო კამპანია მერიის და მოხალისეების ჯგუფმა სოფელ გამარჯვებიდან დაიწყეს, ამის შემდეგ არბოშიკს, ოზაანს, მირზაანს, მაჩხაანს მოივლიან და დღის ბოლომდე ყველა სოფელში შევლენ“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.