კახეთის რეგიონში ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება
კახეთში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინანდადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 8 ივლისის 16:00 სთ-მდე ექნებათ.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი ითვალისწინებს 16.6 კმ. სიგრძის ორზოლიანი ასფალტის საფარიანი გზისა და ექვსი ხიდის მშენებლობას. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით.
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან ორ წელიწადში დასრულდება.