სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა აშენდა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. შპს „სომა მაცივარი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც ჯამურად, 578,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 231,200 ლარია, 289,000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველი ერთად, ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდა.
„სოფლის განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტია აღნიშნული ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრარული წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში, უმნიშვნელოვანესია მოსავლის დროული დასაწყობება და შესაბამის პირობებში შენახვა. სახელმწიფოს მხრიდან, მომავალშიც არაერთი მსგავსი ტიპის პროექტი იქნება მხარდაჭერილი“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის მეურნეობები ქმნის შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს და მეტი იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლდეს ადგილობრივით.
სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრო და შემნახველი მეურნეობა, მათი დაფინანსება კი, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 154 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 24 მლნ ლარს აჭარბებს. სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდამჭერ პროგრამებს. სოფლის განვითარების სააგენტო არის გზამკვლევი ფერმერებისა და სოფლად მაცხოვრებლებისთვის, რომ სოფლად საქმიანობა წარმატებულად განავითარონ.