კახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში ველისციხეში დაშავებული პოლიციელების გამოკითხვა მიმდინარეობს
კახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში ველისციხეში დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმართველოში პოლიციელების გამოკითხვა მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კახეთის მთავარი სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება გუშინ დაკავებული დავით კირკიტაძე. დღის მეორე ნახევარში კირკიტაძესთან შესვლას გეგმავს მისი ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. ასევე, დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
კირკიტაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.