კახეთის პოლიციამ სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
კახეთის პოლიციამ სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებულმა ლ. კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.კ.-მ თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს 1977 წელს დაბადებული გ. გ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან 2 საათში გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია“, – აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.