კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.თ. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ორი წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.