კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე, მერის კახა კალაძის დავალებით, ინფორმაცია მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა წარადგინა.
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 8,5 მლნ ლარი დაიხარჯება და ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.
„ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე დღეა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის სრული აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. დაახლოებით 8,5 მილიონი ლარი გვაქვს წლევანდელ ბიუჯეტში აღნიშნული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული. სავარაუდოდ, 2 მილიონის ინვესტიციას GWP განახორციელებს“, – განაცხადა ბენდელიანმა.
მისი თქმით, სრულად შეიცვლება საკომუნიკაციო ქსელები და მოწყობილობებიც.
„გარდა ამისა, მეორე ეტაპზე დაგეგმილია ცენტრალური ზოლების შეკეთება“, – განაცხადა ბენდელიანმა.
კახა კალაძემ ირაკლი ბენდელიანს გზების რეაბილიტაციასთან ერთად, შესაბამისი განათებებითა და გამწვანების ზოლით, გზაგამყოფებისა და ბორდიურების მოწესრიგებაც დაავალა.