კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის დასრულებულ სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო
კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის დასრულებულ სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო

კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის დასრულებულ სამუშაოებს თბილსი მერი კახა კალაძე გაეცნო.

პარალელურად, მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც თბილისი მერის ინფორმაციით, იანვრის ბოლოს მთლიანად დასრულდება და მომავალ წელს კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური სავალი ნაწილის სრული განახლება იგეგმება.

„კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აქ მთლიანად მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. მადლობა მინდა GWP-ს გადაუხადო თანამშრომლობისთვის. როგორც საკანალიზაციო, ასევე წყლის მილები, სადრენაჟო, ტროტუარები, ბორდიურები, ფაქტობროვად ყველაფრის რეაბილიტაცია ჩატარდა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტით გათვალისწინებული 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი სავალი ნაწილის მოწყობას მოიცავდა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნულ ლოკაციაზე ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელები შეცვალა.

აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეუ გრუპმა“ აწარმოა.