კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 270 ტესტის პასუხი სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი
ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გუშინ გაგზავნილი 270 ნიმუშის პასუხი სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი,- განაცხადა დაავადების ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ელოდებიან სამედიცინო პერსონალის 51 წარმომადგენლის, კარანტინში მყოფი 64 პირის და ასევე ცხელების ცენტრებიდან და ინფიცირებულთან კავშირში მყოფი 155 მოქალაქის ტესტის პასუხებს.
როგორც ხიზანიშვილმა აღნიშნა, გაგზავნილ ნიმუშებს შორის არის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფი ოთხი მოქალაქის და ყვარელში ინფიცირებულ ქალთან კავშირში მყოფი პირების ნიმუშებიც.
მისივე ინფორმაციით, რეგიონში 10 საკარანტინო სივრცეში 459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში – 35.
ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში, მიზნობრივი ტერიტორიის ფარგლებში, მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის – ფარმაცევტების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარების, მათი მომვლელებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, ასევე ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან შეყვანილი პირების.
ამ დრომდე კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.