კახელი მევენახეების აქციის ორგანიზატორის თქმით, თუ ნიკა გვარამია ბოდიშს არ მოიხდის, მათი პროტესტი გაგრძელდება
კახელი მევენახეების აქციის ორგანიზატორის კახაბერ ბაბანიშვილის თქმით, თუ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მის განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიშს არ მოიხდის, მათი პროტესტი გაგრძელდება.
„ჩვენი პროტესტის მიზეზი ჩვენი ღვინის, სიწმინდის გინება და ქართველი ერის დაცინვაა. ერთ საათში შევკრიბე 1 000 კაცი. თუ აინტერესებთ, ინიციატორი მე ვარ. გუშინ მომივიდა აზრად, ქარხნებში და გლეხებთან დამერეკა. თუ არ მოიხდიან ბოდიშს, 20 ივლისს 5-6 ათასი კაცი მოგროვდება, ისევ ჩამოვალთ, არ გავჩერდებით. თუ მსოფლიოს ვუმტკიცებთ, რომ ღვინის ქვეყანა ვართ და ღვინის აკვანია საქართველო, ნიკა გვარამიასნაირებმა მას არ უნდა აგინონ და ჩააფსან“, – აცხადებს კახაბერ ბაბანიშვილი.
თელაველმა და გურჯაანელმა მევენახეებმა „რუსთავი 2“-თან აქცია გამართეს. თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლებმა რამდენიმე საათის წინ აქცია გომბორის გადასახვევთანაც გამართეს.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“.