კახაბერ ქემოკლიძე - IRI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გიორგი გახარიას ენდობა
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის შეფასებით, IRI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.
ქემოკლიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კითხვაზე – „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, 65-მა პროცენტმა გიორგი გახარია დაასახელა.
„IRI-ის კვლევებმა აჩვენა ორი მნიშვნელოვანი რამ – პირველი, რომ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობა გიორგი გახარიას და ის ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არის ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურა. ამას აქვს ძალიან მკაფიო ახსნა. ის ყოველთვის იყო განსხვავებული, თანამედროვე ტიპის ლიდერი. მას ჰქონდა სწორი შეხედულებები, ფასეულობები, ბიუროტოკრატიაზე დაფუძნებული მენეჯმენტი და მას ქართული საზოგადოება ძალიან მკაფიოდ ხედავდა და ხედავს. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, კვლევებმა დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოება უბრალოდ გადაღლილია მიმდინარე რადიკალიზაციითა და პოლარიზაციით. ამ საზოგადოებას ინტერესი აქვს, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ილაპარაკოს და რაც მთავარია, ქმედებაში აჩვენოს კონკრეტული საქმეების, კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გამოიკვეთა კვლევებში“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
კითხვაზე, რამ განაპირობა გახარიას ლიდერობა, ქემოკლიძე ამბობს, რომ მან „პოლიტიკურ დონეზე ბევრჯერ დაამტკიცა ეს“.
„კოვიდპანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ მისი მენეჯმენტის ხარისხი იყო ძალიან მაღალი და ეს შეაფასა არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, არამედ ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა. ეს საკითხები განაპირობებდა და განაპირობებს მის რეიტინგს. სუბიექტურად ჩემი, როგორც ყოფილი უსაფრთხოების ანალიტიკოსის შეფასებაა, რომ გადადგომის შემდეგ მისი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდა“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
მისივე თქმით, გიორგი გახარია არის სწორი სახელმწიფოებრივი მორალისა და ღირებულებების როგორც კარგი მენეჯერი, ისე კარგი პოლიტიკოსი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ. კერძოდ, კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89 პროცენტმა დაასახელა პატრიარქი, 65-მა პროცენტმა გიორგი გახარია, 54-მა პროცენტმა კახა კალაძე.