კახაბერ ქემოკლიძე - გიორგი გახარიამ უარყო არა კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი, არამედ ის ნარატივი, რომელიც კობახიძემ და მდინარაძემ იკადრეს
გიორგი გახარიამ უარყო არა კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი, არამედ ის ნარატივი, რომელიც ბატონმა კობახიძემ და მდინარაძემ იკადრეს, ამ ნარატივის გაჟღერება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
მან განმარტება გააკეთა კახა კალაძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე პარტიის ლიდერისა და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით.
ქემოკლიძის თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მმართველი გუნდის წევრების ნარატივი.
ამასთან, ქემოკლიძე თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის ფაქტს ადასტურებს.
„საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ამ ადამიანების მიერ გაჟღერებული ნარატივი, რა დონეზე შეიძლება, სიმართლეს შეესაბამებოდეს, მაგრამ ჩვენ უკვე ამ ადამიანების მხრიდან არაფერი აღარ გვიკვირს. ამიტომ, დიდად არ ვწუხდებით მათი მხრიდან გამოხატულ სხვადასხვა მოსაზრებაზე. რაც შეეხება თავად შეხვედრას, შეხვედრა ნამდვილად შედგა, შეხვედრა შედგა დღისით, მზისით ქალაქ თბილისის მერიაში და შესაბამისად, თუკი რამე, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყოფილიყო დასამალი, როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონი გახარია თბილისის მერიაში მივიდოდა კალაძესთან შესახვედრად, სადაც შესასვლელში და ყველა სართულზე მგონი, 18 კამერაზე ნაკლები არსად არ არის დაყენებული?! ეს იყო ღირსეული პოლიტიკოსის, ღირსეული ადამიანის საქციელი იმ ადამიანთან ურთიერთობაში, რომელსაც პატივს სცემდა, პატივს სცემს და ჩემი აზრით, ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ქართულ პოლიტიკას ძალიან აკლდა. კარგია, რომ ეს სტანდარტი ვიღაცამ დააწესა“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ კითხვის პათოსიდან გამომდინარე უპასუხა ჟურნალისტებს.
„ჩემი აზრით, ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბატონ გახარიას, რომ ბატონი მდინარაძე და კობახიძე იძახიან ამას, რომ ფულთან დაკავშირებით იყო საკითხი, რომელიც არის ცრუ ნარატივი. ეს ადამიანები დღეს ერთს იძახიან, ჩვენ ამაზე აღარ ვრეაგირებთ, მათი სიტყვის ფასი არის ნული ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მინუსებშია წასული. ამიტომ, მათ კონკრეტულ კომენტარებზე დროის დაკარგვა არის ფუჭი საქციელი და ჩემი აზრით, გიორგი გახარიამ კითხვის პათოსი, რა კუთხითაც იყო დასმული, იმ კუთხით უპასუხა. რაც შეეხება შეხვედრას, არაფერი დასამალი არ არის. აქ არის ძალიან ადამიანური მომენტი“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
ამასთან, ქემოკლიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თავად რატომ არ ისაუბრა შეხვედრის შესახებ გახარიამ.
„სუბიექტურად, ბატონ გახარიას უნდა ჰკითხოთ, იმ მომენტში, რატომ არ მოისურვა ამ ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე, თუ კითხვას დავავიწროვებთ მაგ დონეზე, მაგრამ ჩემთვის პირადად მანდ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ადამიანი, რომელიც თბილისის მერიაში შეხვდა ადამიანს, რომელსაც პატივს სცემს და უთხრა, რომ მე ვაპირებ შენთან დაპირისპირებას და ამას გეუბნები ღიად. ეს არის ძალიან ღირსეული პოლიტიკოსის საქციელი, აქ არაფერი დასამალი არ არის და ასეთი შეხვედრები უბრალოდ არ ხდება, აქ ღრმა შეთქმულების თეორიები უბრალოდ არ არსებობს“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს შედგა შეხვედრა კახა კალაძესა და გახარიას შორის.
„იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული“, – განაცხადა კობახიძემ.