კახაბერ კუჭავა - „ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
„ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და განაგრძობს თანმიმდევრულ წინსვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციისკენ და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კახაბერ კუჭავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
კახა კუჭავამ პარტიის მიერ წარმოებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგებზე, ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულმა ეფექტიანმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოუტანა.
„ხელი მოეწერა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის ქვეყნებში; უპრეცედენტოდ გაძლიერდა საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ნატოსთან; რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და განვითარების მაღალ ტემპს; საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს უპრეცედენტოდ მჭიდროა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ქვეყანა სარგებლობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით. აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ფინანსური სანქციები დაუწესა არაღიარების პოლიტიკის დამრღვევ სახელმწიფოებს. საქართველოს წარმატებული დიპლომატიის შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა.
„ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და განაგრძობს თანმიმდევრულ წინსვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციისკენ და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
ჩვენ წარმატებით შევასრულებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას; „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს სწრაფ წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით; კიდევ უფრო გაძლიერდება სტრატეგიული მოკავშირეობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაღრმავდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში; უზრუნველყოფილი იქნება დაბალანსებული და თანმიმდევრული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება, გაგრძელდება საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
ყველა ზომას მივიღებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დევნილთა დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკის წარმატებული განხორციელება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამშობლოსთან დიასპორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას, მათ შორის, საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაარსების და მხარდაჭერის გზით“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.