კახა სოფრომაძე - თუ გაიხსნება მსჯელობა, რა არის გამოხატვის თავისუფლება და მოსამართლის შეურაცხყოფა, არ იქნება ცუდი
თუ გაიხსნება მსჯელობა, რა არის გამოხატვის თავისუფლება და მოსამართლის შეურაცხყოფა, არ იქნება ცუდი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა კახა სოფრომაძემ გასაუბრების დროს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საკმაოდ არასწორი ინფორმაცია გავიდა მასმედიით, რომ ჩვენ გვქონდა რაიმე ინიციატივა. ჩვენ უბრალოდ დავინახეთ რეალურად პრობლემა მოსამართლეების შეურაცხყოფისა. არამოსამართლე წევრები ვეცადეთ, რომ დაგვეწყო მსჯელობა მასმედიასთან, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეზღუდვას შორის. გახსოვთ ალბათ, იმ პერიოდში, საკმაოდ ცუდ დღეში იყვნენ მოსამართლეები. შეურაცხყოფაც იყო, შეფასებაც და გამოხატვაც, მაგრამ ეს იმდენად ერთმანეთში იყო არეული, იმდენად მასიური ეს შეტევა სასამართლო სისტემის მიმართ, რომ ჩვენ ვიფიქრეთ, გარკვეულ წილად ამას გადაწყვეტილების გამოტანის პროცესზეც შეიძლება მოეხდინა გარკვეული ზეგავლენა.
კარგად ნათქვამი საზოგადოებამ ცუდად გაიგო. თუ გაიხსნება ისევ მსჯელობა ამ კუთხით, მსჯელობა და არა ინიციატივა, არ იქნება ცუდი“, – განაცხადა კახა სოფრომაძემ.