კახა საბანაძე - შს სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა ზუგდიდში მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება
შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა.
ამასთან, შსს მოუწოდებს მედიასაშუალებებს შეწყვიტონ ლაივსიგნალი შემთხვევის ადგილიდან.
„ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინებისთანავე დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტრურების მოქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. აქედან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამცველების და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა-შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა“, – განაცხადა საბანაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:21 საათზე შევიდა. ამ დროისთვის, თავდამსხმელს მძევლად 19 პირი ჰყავს აყვანილი.