ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ქემოკლიძემ განაცხადა, შეხვედრაზე ორი ძირითადი საკითხი დაისვა, რომელიც შეეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასა და იმ ორი მოქალაქის საკითხს, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებიან.
„ძალიან რთული სხდომა იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ორი კითხვა დაისვა, ტატუნაშვილის საკითხის განხილვის კონტექსტში, როდის მოახერხებს ოჯახი ცხედრის მიღებას და როდის შეეძლება ორ მოქალაქეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. სამსაათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ, ვერც ერთ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა სხდომა. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, მაშინ როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება თავის ოჯახს და იმ ორ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება ოკუპირებულ ახალგორში მიეცემა ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება. ცხედარი იმყოფება ცხინვალში. მასალა გადაგზავნილია რუსეთის ერთ-ერთ საექსპერტო ბიუროში. თუ რომელ ბიუროშია, არ დაასახელეს. არ დაკონკრეტებულა, როდის მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ოჯახისთვის. აცხადებენ, რომ როდესაც მიიღებენ რუსული საექსპერტო ბიუროსგან დასკვნას, მაშინ შეეძლებათ ცხედრის დაბრუნება ამ საექსპერტო ბიუროს დასკვნასთან ერთად. ეს არის ცხადია კატეგორიულად მიუღებელი შეფასება და ამ შეფასებებს ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენდით. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის დატოვება მოგვიწია“, – განაცხადა ქემოკლიძემ.