კახა ოქრიაშვილი - როგორც ინვესტორს, მილიარდზე მეტი მაქვს ჩადებული საქართველოში, რომ ანაკლიის პორტს არ შეექმნას პრობლემა
კახა ოქრიაშვილი - როგორც ინვესტორს, მილიარდზე მეტი მაქვს ჩადებული საქართველოში, რომ ანაკლიის პორტს არ შეექმნას პრობლემა

ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საინვესტიციო კლიმატის აღქმისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, დღევანდელი კომიტეტის სხდომა წარიმართა ისე, თითქოს საგამოძიებო ორგანოში ვითარდება მოვლენები.

„თუ საჭიროა, შევქმნათ კომისიები და იქ ვიმუშაოთ ამ რეჟიმში, რადგან ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და არა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა. რა მოცემულობა გვაქვს პორტებთან დაკავშირებით, გვაქვს ფოთის პორტი, არის ინვესტორი. სამწუხაროდ, ფოთის პორტში არის ძალიან მაღალი ტარიფები, როგორც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფებია ჩვენს რეგიონსა და ევროპაში, რაც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ათი წელია თუ მეტი არსებობს ეს ინვესტორი და მისი მხრიდან აქამდე ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. გამოჩნდა ინვესტორი და გამოჩნდა ახალი პროექტი, ანაკლიის პორტი. ამ პროექტმა უკვე გაიარა განსაზღვრული გზა, არის ჩადებული დიდი თანხები, გზა გავლილია მართლა და ამ დროს ფოთის პორტში ხდება სკანდალი. ეს არის სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, რომ იქაც აპირებს ინვესტორი გაკეთებას. მიმაჩნია, ამ ინფორმაციის გაჟონვას აქვს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს, ამ ერთ მოტივაციას ვხედავ. ამიტომ მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, რომელსაც მილიარდზე მეტი მაქვს ჩადებული საქართველოში, რომ ამ კუთხით არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს კორიდორის გავლით, ორი ღრმაწყლოვანი პორტისთვის საკმარისი ტვირთების პერსპექტივა არ არის.

„ჩემი ინფორმაციით, საკმარისი ტვირთები ორი ღრმა წლოვანი პორტისთვის საქართველოში ჩვენი კორიდორის გავლით დღეს და ახლო პერსპექტივაში არ ჩანს, აქედან გამომდინარე არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს. მინდა, რომ თქვენ ეს გაითვალისწინოთ ჩვენი მოწოდება, თუ გინდათ ჩათვალეთ, რომ ეს არის უმრავლესობის, თუ გინდათ ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის ერთადერთი გზა დღეს, რომ ანაკლიის პორტში დარჩეს ის ინვესტორი, რომელიც არსებობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.