კახა ოქრიაშვილი - ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე
ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, რადგან ვთვლი, რომ მხოლოდ პირველმა ინსტანციამ დააკისრა ჯარიმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
„ჯარიმა ძალიან რბილი სასჯელი იყო და აქედან გამომდინარე მხარი არ დავუჭირე. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ასეთი მოცემულობაა – მელიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და სააპელაციო სასმართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა. მაშინ გამოდის, რომ მელიას უნდა აღვუდგინოთ სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ლოგიკური ახსნა მქონდა, მხარი რატომ არ დავუჭირე. მეორე ზოგადი არგუმენტი არის ის, რომ ვთვლი, დეპუტატს უფრო ძლიერი იმუნიტეტი უნდა იცავდეს, რომ ის იყოს თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და დეპუტატის მანიპულირება მაქსიმალურად გართულებული იყო“,- აღნიშნა ოქრიაშვილმა.
კითხვაზე, მმართველ გუნდში პრობლემები ხომ არ შეექმნება, დეპუტატი აცხადებს – „არ ვიცი, თუ შემექმნება, შემექმნას“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.