კახა ოქრიაშვილი - გავრილოვის საკითხებთან დაკავშირებით ნიკა მელიას სდევნიან, რაც დაუშვებელია, უკანონობას არ უნდა შევურიგდეთ
ნიკა მელიას დევნა დაწყებულია გავრილოვის საკითხებთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ პირადად გავრილოვთან კითხვები არ მაქვს, კითხვები მაქვს „ოცნებასთან“, როგორ მოახერხეს და ჩამოიყვანეს ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, შეიყვანეს პარლამენტში და სპიკერის სავარძელში დასვეს, რასაც მოჰყვა ქართველი ხალხის სამართლიანი აღშფოთება, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზატორებს პასუხს არავინ აგებინებს, ხოლო მის ნაცვლად ნიკა მელიას სისხლის სამართლის წესით სდევნიან. როგორც ოქრიაშვილი ამბობს, უკანონობას არ უნდა შეურიგდნენ.
„ახლა რა გამოდის, ორგანიზატორებს პასუხს არავინ აგებინებს, სამაგიეროდ, ნიკა მელიას, რომელიც აპროტესტებდა „ოცნების“ ამგვარ ქმედებას, სდევნიან სისხლის სამართლის წესით. ეს არის დაუშვებელი. ვფიქრობ, ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. ვიმედოვნებ, აღარ მოხდება. ბევრს ვისმენ, რომ ეს არის კანონიერი დევნა. ხალხნო, ფაშისტურ გერმანიაში მაშინდელი ფაშისტური კანონმდებლობით, ექვს მილიონზე მეტი ებრაელი გაანადგურეს და კანონით მოქმედებდნენ. ჩვენ უკანონობას არ უნდა შევურიგდეთ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.