კახა მიქაია - სანდრა რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილს არ მივცემთ უფლებას, ზუგდიდში მწარე წარსული დააბრუნონ
სამეგრელოში დღეს კონსტანტინეობას აღნიშნავენ. საიუბილეო ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კახა მიქაიამ ზუგდიდში შეკრებილებს კონსტანტინეობა მიულოცა. ამასთან, მან შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
კახა მიქაიამ განაცხადა, რომ სანდრა რულოვსის კალთას ამოფარებულ მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდი მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, მოსახლეობა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ გეგა შენგელიას მისცემს ხმას.
„დღეს დიდოსტატ კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. რამდენ რამეს იტევს ეს სახელი და გვარი. 70 წლის მანძილზე კონსტანტინე გამსახურდიას მარტოს, თავისი მხრებით მოჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა. შემდეგ ეს იდეა გადააბარა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. ამ ქალაქმა სანდრა რულოვსს უნდა მისცეს ხმა? რულოვსმა უნდა გვასწავლოს ევროპული ღირებულებები? ჩვენ კონსტანტინე გამსახურდიამ უკვე გვასწავლა ევროპული ღირებულებები. სანდრა რულოვსმა თავის ქმართან ერთად მოუაროს ფლორიდაში ნაყიდ სახლს. ნახეთ, ერთ წუთში როგორ დაიმსხვრა მითი, რომ მიშა სააკაშვილი იყო მებრძოლი კორუფციასთან. ის არის მატყუარა და მას ზუგდიდი ხმას არ მისცემს. სანდრა რულოვსის კაბასა და კალთას ამოფარებულ მიშა სააკაშვილს ზუგდიდი არ მისცემს ხმას. ჩვენ ავირჩევთ ზუგდიდელ კაცს, გეგა შენგელიას. არ მივცემთ უფლებას რულოვსს, სააკაშვილს, როლანდ ახლაია დააბრუნონ ზუგდიდში, მეგის ქარდავა დააბრუნონ ზუგდიდში. არავის მივცემთ უფლებას, ის მწარე წარსული დააბრუნონ. ზუგდიდი არ მისცემს იმ წარსულს ხმას, რომელსაც მომავალი არ გააჩნია“, – განაცხადა კახა მიქაიამ.