კახა კუკავა - მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ლიბერალურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, ჩემი აბსოლუტურად ყველა ოპონენტი არის ლიბერალი
კახა კუკავა - მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ლიბერალურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, ჩემი აბსოლუტურად ყველა ოპონენტი არის ლიბერალი

მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ლიბერალური დღის წესრიგის წინააღმდეგ გამოვდივარ, ჩემი აბსოლუტურად ყველა ოპონენტი არის ლიბერალი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც კახა კუკავა ამბობს, მხოლოდ მის საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ აზიის ქვეყნებიდან საქართველოში უკანონო იმიგრაციას წერტილი უნდა დაესვას.

„მხოლოდ ჩემს პროგრამაშია, რომ საქართველოში წერტილი უნდა დავუსვათ ლგბტ პროპაგანდას და მხოლოდ ჩემს პროგრამაშია, რომ საქართველოში არ უნდა დავუშვათ მარიხუანას ლეგალიზაცია. რაც შეეხება როგორ და რა ინსტრუმენტით – ჩემი პროგრამის პირველი პუნქტი არის, რომ მე მინდა, ეს არჩევნები გადავაქციო რეფერენდუმად – გვსურს თუ არა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

რა თქმა უნდა, ვერც ერთი პუნქტი ვერ შესრულდება იმ პარლამენტში, სადაც 117 თალაკვაძე, კობახიძე და მსგავსი ტიპის ხელისუფლების მარიონეტები არიან. მაგრამ პრეზიდენტს, დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმის შესახებ კანონის მეოთხე მუხლის მიხედვით, შეუძლია დანიშნოს რეფერენდუმი ნებისმიერი შეკითხვით. მე დავუსვამ ქართველ ხალხს შეკითხვას ჩემს პირველ ბრძანებულებაში, რომელსაც მოვაწერ ხელს – გსურთ თუ არა საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?!“, – განაცხადა კახა კუკავამ.

კახა კუკავა მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალი აქტივის შემთხვევაში, ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის გაყვანას შეძლებს.

„იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას ჰყავს პრაქტიკულად 0%-იანი კანდიდატი, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ კანდიდატმა მოიგოს, ამიტომ ივანიშვილის ერთადერთი იმედი არის დაბალი აქტივობა, დაბალი აქტივობის პირობებში, რა თქმა უნდა, შეუძლია სალომე ზურაბიშვილი გაიყვანოს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, როდესაც საარჩევნო უბანზე შედის, იცის, როგორ დამთავრდება არჩევნები. როგორც კახა კუკავა ამბობს, თუ საარჩევნო უბანზე შესვლისას რიგში დგომა უწევს, ყოველთვის აგებს ხელისუფლება და იგებს ოპოზიცია.

„თუ უბანზე არის ხალვათობა, ყოველთვის იგებს მთავრობა და აგებს ოპოზიცია. მილიონი კვლევაა ამაზე ჩატარებული, რომ საჯარო მოსამსახურეები, სოციალურად დაუცველები და 15 ლარად გაყიდული ამომრჩეველი, ეს არის დაახლოებით ის რესურსი, რომლითაც შესაძლებელი არის მაქსიმუმ 30-35%-მდე, ხმების აქაჩვა. მაგრამ ბევრი ხალხი როდესაც მოდის, სააკაშვილსაც ძალიან უნდოდა გაყალბება 2012 წელს და უკადრებელს კადრულობდა, მაგრამ როცა მოვიდა 2 მილიონ 200 ათასი ამომრჩეველი, წააგო“, – განაცხადა კახა კუკავამ.