კახა კუკავა - უნდა დადგინდეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნათესავებს წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონება პროკურატურამ რა ნიშნით დაუბრუნა და დანარჩენებს უარს ეუბნება
პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის პროკურატურასთან აქცია გამართა. აქციაზე იმყოფებოდა წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ელენე ჩიტიაშვილი, რომლის თქმითაც, წლების განმავლობაში თანხებსა და პროდუქციას ართმევდნენ.
„გლდანის მერვე მიკრორაიონში მქონდა 180 კვ.მ. ფართობზე სუპერმარკეტი. წამართვეს მთლიანად მაღაზია, 82 ათასი ლარის ქონება, საქმეში აუდიტის დასკვნაც დევს. ერთ-ერთი, ვინც მარეკეტებდა, სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, თავიდან დამპირდნენ, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, მაგრამ რატომღაც, გააჩერეს“, – აცხადებს ელენე ჩიტუაშვილი.
პარტია „თავისუფალმა საქართველოს“ წევრები აღნიშნავენ, რომ უნდა მოეწყოს საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც მსგავსი დაზარალებულების საკითხებს განიხილავენ.
„პროკურატურა ეს არის კორუფციული სისტემა, შალვა თადუმაძეს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე აცხადებდეს პრეტენზიას. მივმართავთ პარლამენტს, მოეწყოს სპეციალური საკომიტეტო მოსმენა, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჩიტუაშვილის საქმეზე, ასევე სხვა 7 ათას საქმეზე, დადგინდეს, რა ნიშნით დაუბრუნა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნათესავებს წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონება პროკურატურამ და რა ნიშნით ეუბნებიან უარს დანარჩენებს“, – განაცხადა კახა კუკავამ.
გოგი წულაიას თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი დაპირებები უნდა გაიხსენონ.
„ახლა იყო პირველი ოქტომბერი, თავი წაგვაჭამეს, გადავაგდეთ ურჩხულიო. სად არის სამართლიანობა, რომელიც დაგვპირდით, რომელიც უნდა აღდგენილიყო. რატომ აღდგა თქვენი ნათესავების და რატომ არ აღდგა უბრალო ადამიანებისთვის“, – აცხადებს გოგი წულაია.