კახა კუკავა - თუ ქართველი ხალხის მხარდაჭერა მექნება, ბინადრობის მოწმობას ვერც ერთი მიგრანტი ვერ მიიღებს
თუ მე ქართველი ხალხის მხარდაჭერა მექნება, ბინადრობის მოწმობას ვერც ერთი მიგრანტი ვერ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„ყოველწლიურად საქართველოში 20-25 000 ბინადრობის მოწმობა გაიცემა და ამას ემატება არალეგალური მიგრანტები, რომლებიც ტურისტული თუ სტუდენტური ვიზებით შემოდიან და შემდეგ რჩებიან. მიგრაციის ეს მასშტაბები პრობლემურია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მიგრანტებმა გერმანია და საფრანგეთი დააჩოქეს. მივესალმები ტურისტებს, რომლებიც ვადიანი ვიზებით შემოვლენ, ქვეყანას დაათვალიერებენ, ფულს დახარჯავენ და უკან გაბრუნდებიან. ასევე მივესალმები სტუდენტურ ვიზებს, მაგრამ ბინადრობის მოწმობა არც ერთ უცხოელზე არ უნდა გაიცეს, რომ მერე აქ თავიანთი დასახლებები არ შექმნან“, – განაცხადა კუკავამ.
როგორც კუკავამ აღნიშნა, ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს მსგავსი სტატისტიკა აქვთ, მრავალშვილიანებს მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაშიც ეხმარებიან.
„რუსეთს და ჩვენ მოსახლეობის კლება სტატისტიკურად ერთი და იგივე გვაქვს – ყოველწლიურად მინუს 0,3 პროცენტი. საქართველოსთვის ეს საფრთხე პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ, როგორც მკვიდრ ერს, 21-ე საუკუნეში გაქრობა გვემუქრება. ჩემს პროგრამაში საუბარია იმაზე, რომ ორ და სამშვილიან ოჯახებს მიწის ნაკვეთები უნდა გამოვუყოთ“, – განაცხადა კუკავამ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ სასესხო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა 100 პროცენტით კრედიტორის მხარესაა, მოვალის ინტერესები კი ნულოვან დონეზეა დაცული.
„ჩვენ ვამბობთ, რომ კანონმა საპროცენტო განაკვეთისა და სარგებლის გონივრული რაოდენობა უნდა განსაზღვროს. როცა ადამიანი 5 000-დოლარიან სესხს აიღებს, არ შეიძლება, აღსრულების ფურცელში ჩაიწეროს, რომ პროცენტთან ერთად, 100 000 დოლარი აქვს გადასახდელი. მეორე, არ შეიძლება ჩატარდეს ნულოვანი აუქციონები და 50 000 დოლარად ღირებული ბინები მევახშეებმა 7 000 დოლარად იყიდონ, როგორც ხშირად ხდება. და მესამე, ბანკებს არამხოლოდ გამოსახლება უნდა აეკრძალოთ, არამედ – იპოთეკით დატვირთვაც იმ ქონებისა, რომელიც ერთადერთი საცხოვრებელი ფართია“, – განაცხადა კუკავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რადგან კონსტიტუციაში ჩანაწერით პრეზიდენტი ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტია, როგორ ესახება ამ ფუნქციის შესრულება იმ პირობებში, როცა არსებობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამოწვევა, კახა კუკავამ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მთავარი არა ქაღალდზე დაწერილი კონცეფცია, არამედ პირველი პირია, რომელსაც არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და რომელიც ამ ტიპის გადაწყვეტილებების შესრულების გარანტი იქნება.
„ქვეყანას სჭირდება პირველი პირი, პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ნდობით, ლეგიტიმაციით იქნება აღჭურვილი და რომელსაც ექნება ჩამოყალიბებული იმიჯი, რომ მის სიტყვას გარკვეული ფასი აქვს. ვფიქრობ, ამან განაპირობა ის, რაც 1991 წელს მოვახერხეთ, როცა აფხაზებთან ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს დღეს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც აფხაზებისა და ოსებისთვის იქნება ადამიანი, ვინც მათ ქართველების სახელით ელაპარაკება“, – განაცხადა კახა კუკავამ.