კახა კუკავა - სალომე ზურაბიშვილი არ მომწონს, მაგრამ მისი დემონიზაცია, განსაკუთრებით, სასულიერო პირების მხრიდან, გადაჭარბებულია
მაგალითად, საფრანგეთში მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს, საფრანგეთის ეკლესია რას ფიქრობს, რადგან მოსახლეობის 90% ათეისტია. ჩვენთან ასე არის და ღმერთმა ნუ ქნას, როდესმე იყოს, – განაცხადა „ხალხის პარტიის“ ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„თეორიულად და ჰიპოთეტურად, შესაძლოა, დავეთანხმო აზრს, რომ ნორმალურ, დაწყობილ ქვეყანაში, რომელსაც პარლამენტი და მთავრობა ჰყავს, ეკლესიამ თავისი პოზიცია არ უნდა გამოხატოს, რადგან ამის საჭიროება არ არის, მაგრამ ჩვენ პარლამენტი და მთავრობა არ გვყავს და ეკლესიის მიერ პოზიციის გამოხატვა არ უნდა გვიკვირდეს. რა თქმა უნდა, ეკლესიის, მორწმუნეების აზრს თავისი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეკლესიას საინფორმაციო ღრუ დავუხშოთ, არამედ იმაზე, ფორმები რამე სახით ზღვარს ხომ არ გასცდა“, – განაცხადა კუკავამ.
„ხალხის პარტიის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს ერთიანი სტანდარტი და სასულიერო პირების მხრიდან კონკრეტული პარტიის, თუ პოლიტიკოსის მიმართ აზრის გამოხატვა ან ყველასთვის უნდა იყოს ნებადართული, ან არავისთვის.
„გულდასაწყვეტია, როცა რომელიღაც დაბალი რანგის სასულიერო პირები რომელიმე პარტიასთან არიან აფილირებული. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი ძალიან არ მომწონს, მაგრამ ადამიანის, ქალის ლანძღვა-გინება და დემონიზაცია, განსაკუთრებით, სასულიერო პირების მხრიდან, გადაჭარბებულია. ეს ასეა, იმის მიუხედავად, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება, საქართველოს 2018 წელს დაემართოს“, – განაცხადა კახა კუკავამ.