კახა კუკავა - როგორ უნდა გვეშველოს ქვეყანაში, სადაც არჩევნებზე ერთი ნახევარი სახლში დარჩება, მეორე კი, თხუთმეტ ლარს აიღებს
გვეშველება რამე? – ეს საქართველოში მოდური კითხვაა და როგორ უნდა გვეშველოს იმ ქვეყანაში, სადაც ერთი ნახევარი სახლში დარჩება, მეორე ნახევარი კი, თხუთმეტ ლარს აიღებს,- ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„თუ დაბალი აქტივობა იქნება და კენჭისყრაზე მხოლოდ თხუთმეტლარიანი ამომრჩეველი მოვა, მეც ველოდები იმას, რომ ამ კენჭისყრის ერთ-ერთი აუტსაიდერი ვიქნები, მაგრამ თუ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მოვიდა, სალომე ზურაბიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვთ. ჩემი პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობაზე და რაოდენობაზეა დამოკიდებული. მივიდეთ არჩევნებზე, ვცადოთ და როგორც ანდაზა გვეუბნება, ცდა ბედის მონახევრეა“, – განაცხადა კუკავამ.
ამ განცხადებით კახა კუკავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის მისი პროგრამა მინიმუმი ამ არჩევნებზე, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხმების 1,25% მიიღო.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უნდა ველოდოთ თუ არა გარკვეული პოლიტიკური ძალების პრეზიდენტის ფიგურის გარშემო კონსოლიდაციას და ვინ იქნება მისთვის მიუღებელი, კახა კუკავამ განაცხადა, რომ საჭიროა, მთლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია მოხდეს, მისთვის მიუღებელი კი, არავინაა.
„საქართველოს პრობლემა იმაშია, რომ 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ, ყველა კონსტიტუციური, თუ სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი ერთი პარტიის მიერ არის შეტანილი და ყველაფერი ერთპარტიულ რეჟიმში კეთდება. ის, რასაც ვაპირებ, რომ გავაკეთო, არჩევნების შემდეგ, ავსტრიის ახალგაზრდა კანცლერმა გააკეთა, როცა ყველა ოპონენტს მრგვალ მაგიდასთან დაჯდომა და ქვეყნის განვითარების გზების ძიება შესთავაზა.
რაც შეეხება მიუღებლობას, ჩემთვის შესაძლოა, მიუღებელი იყვნენ პერსონები. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა, მას ამნისტია არ უნდა მივცეთ, იმის მიუხედავად, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს ეკუთვნის, მაგრამ პარტია, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა აქვს, იზოლირებული არ უნდა იყოს და მათთან პოლიტიკურ თანხმობას უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა კუკავამ.