კახა კუკავა - პირველმა არხმა დებატებში ყველა კანდიდატი მიიწვია, თუმცა ერთმანეთთან დებატებს მხოლოდ სამი კანდიდატი დათანხმდა, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია
„ქართული ოცნება,“ „ნაციონალები“ და ე.წ. „ევროპული საქართველო“ რეალურად ერთი ლიბერალური პარტიის შემადგენელი ჯგუფები არიან და ამ არჩევნებშიც ყველანაირად ცდილობენ, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოს ამომრჩეველმა არჩევანი მათ შორის უნდა გააკეთოს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, კახა კუკავა წერს.
კუკავა პირველ არხზე გუშინ გამართულ დებატებზე წერს და ამბობს, რომ პირველმა არხმა დებატებში ყველა კანდიდატი მიიწვია, თუმცა მხოლოდ ეს სამი კანდიდატი დათანხმდა ერთმანეთთან დებატებში მონაწილეობას, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია.
„გუშინ პირველ არხზე გაიმართა პრეზიდენტობის სამი კანდიდატის – ბაქრაძის, ვაშაძისა და ზურაბიშვილის დებატები. ალბათ საზოგადოებას აინტერესებს, რატომ ეს სამი? პირველმა არხმა დებატებში ყველა კანდიდატი მიიწვია, თუმცა მხოლოდ ეს სამი კანდიდატი დათანხმდა ერთმანეთთან დებატებში მონაწილეობას. ვფიქრობ, მრავლისმეტყველი ფაქტია. მიუხედავად მოჩვენებითი დაპირისპირებისა თუ პერსონალური შეურაცხყოფებისა, „ქართული ოცნება,“ „ნაციონალები“ და ე.წ. „ევროპული საქართველო“ რეალურად ერთი ლიბერალური პარტიის შემადგენელი ჯგუფები არიან და ამ არჩევნებშიც ყველანაირად ცდილობენ, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოს ამომრჩეველმა არჩევანი მათ შორის უნდა გააკეთოს. სინამდვილეში კი, საზოგადოებას არჩევანი გასაკეთებელი აქვს სწორედ მანკიერ სისტემასა (ბაქრაძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი) და ანტისისტემურ კანდიდატს შორის“, – აცხადებს კახა კუკავა.