დიახ, მესამე ძალა სულიკოა, რომელიც რთული მოსაძებნია, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.
„ამისკენ ბევრი ევროპული ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში მიდიოდა და ამას მრავალპარტიული დემოკრატიის ფორმირება ეწოდება. ის, რაც ჩვენთან არის, ორპარტიული სისტემა, არის რაღაც ტრაიბალიზმი – ორი ტომია და ან ერთი ამოხოცავს მეორეს, ან მეორე – პირველს. მესამე ძალა მათ შორის იმასაც გულისხმობს, რომ შესაძლოა, მეოთხეც იყოს ანუ არაორპარტიული სისტემა. მესამე ძალის დახასიათება ასე უფრო ზუსტი იქნება. ეს მაღალი, 99%-იანი ალბათობით გულისხმობს იმას, რომ ერთ პარტიას 51 პროცენტი ვერ ექნება და ხელისუფლების გადანაწილება მოხდება“, – განაცხადა კუკავამ.
ამ განცხადებით კახა კუკავამ მაყურებლის შეკითხვას უპასუხა, შეიძინა თუ არა მესამე ძალამ საკრალური მნიშვნელობა და არის თუ არა ის სულიკო, რომელსაც მთელი საქართველო დღემდე ეძებს.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა გამსხვილება მესამე ძალის ჩამოსაყალიბებლად, რადგან დღეს არსებული მცირე პარტიები პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენენ და იგეგმება თუ არა გარკვეული კოალიციების შექმნა, ან ერთიან პარტიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბება, კახა კუკავამ აღნიშნა, რომ ამ არჩევნების წინ, მას ჰქონდა მცდელობა, ოპოზიციური პარტიები ე.წ. მესამე კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
„ჩემი იდეაფიქსი არ იყო, რომ ეს კანდიდატი მე ვყოფილიყავი. რამდენიმე ადამიანთან კონსულტაციები მქონდა, ზოგთან საჯარო და ზოგთან – დახურული, რომ ე.წ. მესამე კანდიდატზე შევთანხმებულიყავით. რატომ არ მოხერხდა?! ნუ, ქართველები ვართ და ვერ მოხერხდა. დღეს ქართულ რეალობაში მესამე ძალის შექმნაზე ძალიან დიდი ფსონი იდება, რათა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მესამე ძალის ხარჯზე საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მიიღონ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეულ ეტაპზე, შესაძლებელია, იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადაიდოს“, – განაცხადა კუკავამ.
როგორც კუკავამ აღნიშნა, მის პარტიაზე ცოტა მეტი ხმები აიღეს დავით უსუფაშვილის, შალვა ნათელაშვილის, თუ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და ოპოზიციურ პარტიებზეა დამოკიდებული, არსებული განსხვავებების, თუ პირადი ამბიციების მიუხედავად, შეძლებენ თუ არა ისინი საზოგადოებისთვის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივის შეთავაზებას.
„ახლა ჩემი მომხრეები მე თვითონ გამლანძღავენ, რადგან ეს კომფორტი არ მოსწონთ, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ სხვა რაციონალურ გამოსავალს ვერ ვხედავ, საპარლამენტო არჩევნებზე როგორ არ უნდა მივიღოთ იგივე, ოცნება პლუს ნაცმოძრაობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, 60 პროცენტი ვისი იქნება და 40 პროცენტი – ვისი, რადგან ჯამი, მაინც ერთი და იგივე გამოვა. ამ ვითარებაში, უფულობაში, უტელევიზიობაში და ა.შ. ამის შეცვლა მხოლოდ მესამე ძალის კოალიციური ფორმირებით შეიძლება“, – განაცხადა კახა კუკავამ.