კახა კუკავა - ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების პროგრამები პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, მათ არაფერი არ აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული, გარდა იმისა, რომ პერსონალურად გასაყოფი აქვთ ძალაუფლება
კახა კუკავა - ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების პროგრამები პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, მათ არაფერი არ აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული, გარდა იმისა, რომ პერსონალურად გასაყოფი აქვთ ძალაუფლება

ეს იქნება ჩვენთვის და ჩვენი პარტიისთვის ერთადერთი ეთერი ცენტრალურ არხზე მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ვინაიდან ჩვენი პარტია არის ერთადერთი სისტემურად ოპოზიციური პარტია, რომელიც თავისი პრიორიტეტებით განსხვავდება ამ ხელისუფლებისგან და, სხვათა შორის, ოპოზიციური პარტიებისგანაც, – განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“.

„ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების პროგრამებს რომ გადახედოთ, მათი პროგრამები, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, რომ მივდივართ რაღაც ნათელი ნაბიჯით ევროპისკენ, ლიბერალური ეკონომიკა და ა.შ. მათ არაფერი არ აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული, გარდა იმისა, რომ პერსონალურად გასაყოფი აქვთ ძალაუფლება“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრიორიტეტებია საქართველოში საბანკო დიქტატურის დასრულება, რადგან ბანკები საქართველოს მოსახლეობას ძარცვავენ; იპოთეკურ სესხებზე ზედა ზღვრად 5%-ის დაწესება; ანტიმონოპოლიური კანონის ამოქმედება არსებული მონოპოლიების წინააღმდეგ, რომლებიც ასევე მოსახლეობას ძარცვავენ; უცხოური იმპორტის მიერ განადგურებული ადგილობრივი წარმოების განვითარება და ადგილობრივი მრეწველისა და ფერმერის ლობისტობა; მოქალაქეთა გამოსახლებების შეჩერება და სხვა, რა მიმართულებებითაც პარტიას საპარლამენტო მანდატების გარეშეც ბევრი რამ აქვს გაკეთებული; საჯარო მმართველობის დეპოლიტიზირება და კადრების შერჩევა მხოლოდ პროფესიონალიზმით, რადგან 1992 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, კანონიერი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ყაჩაღები, თითქმის 35 წელია, მართავენ ქვეყანას და მხოლოდ სახელებს იცვლიან; ლუსტრაციის კანონის მიღება და სისტემური დანაშაულის მონაწილეთა თანამდებობებიდან გათავისუფლება, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების სასამართლოს წინაშე წარდგომა და ა.შ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვისთან ითნამშრომლებს და ვისთან თანამშრომლობას გამორიცხავს პარტია „თავისუფალი საქართველო“ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, თუ ასეთი რეალობა დადგა და მისმა პარტიამ მანდატები მიიღო, კახა კუკავამ განაცხადა, რომ წინასწარ ვერ იტყვის, ვისთან ითანამშრომლებს, თუმცა შეუძლია თქვას, ვისთან არ ითანამშრომლებს.

„შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი წითელი ხაზი ალბათ არის „ნაციონალური მოძრაობა“, არა პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ იმის გამო, რომ ეს ადამიანები ისეთ სისტემურ დანაშაულში და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ მხეცურ დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი, რომ ძალიან რთული იქნება მათთან რამე ტიპის პოლიტიკური თანაარსებობა“, – განაცხადა კუკავამ.

კახა კუკავამ ამომრჩეველს მიმართა, მხარი დაუჭირონ „თავისუფალ საქართველოს“.

„ხშირად მსმენია, როგორ საყვედურობს ხალხი მთავრობას, რომ კორუმპირებული არიან და ყველა ერთმანეთზე უარესია. შეიძლება, ეს იმის ბრალიც არის, რომ არჩევნების დროს ხშირად მესმის ყურში, კი, წესიერი ხალხი ხართ, მაგრამ აბა, ფული არ გაქვთ და რა შეგიძლიათ? ჰოდა, აირჩიეთ ერთხელ არა ფულის მიხედვით, არამედ წესიერების მიხედვით. „თავისუფალი საქართველო“ არის დღეს არჩევნებში მონაწილე ერთადერთი სუბიექტი, რომელიც არასდროს არ ვყოფილვართ ხელისუფლებაში, არასდროს არ გაგვიძარცვავს ბიუჯეტი და არასდროს არანაირ დანაშაულში არ ვიყავით მონაწილე, ამას ვერავინ ვერ იტყვის. კი, ნამდვილად უფულო პარტია ვართ, მაგრამ ეს არის წესიერი, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, თუ გინდათ, ასეთი მთავრობა გყავდეთ. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ახლა არჩევნებს მოვიგებთ, მაგრამ 5%-იც რომ მიიღოს „თავისუფალმა საქართველომ“ და პარლამენტში შვიდკაციანი ფრაქცია გვყავდეს, ეს სრულიად სხვა ტიპის პარლამენტი იქნება“, – განაცხადა კახა კუკავამ.