კახა კუკავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ლევან მურუსიძის წინააღმდეგ აქციას მართავს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მხარდამჭერებთან ერთად, ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ შესაძლო განწესებას აპროტესტებს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე ლევან მურუსიძესთან გასაუბრება იმართება.
კუკავას თქმით, მას შემდეგ, რაც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაპირდა საზოგადოებას, რომ ეს პროცესი გაზაფხულამდე გადაიდებოდა, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლედ დანიშვნის მიზნით ექვს მოსამართლესთან დანიშნული იყო გასაუბრება, მათ შორის არის ლევან მურუსიძეც.
„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მურუსიძის გამო ქვეყანა დაიქცა, ამ ფონზე, კვლავ ლევან მურუსიძე არის წარმოდგენილი“, – აღნიშნა კახა კუკავა.
ამასთან, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ მადლობა გადაუხადა დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.
ამასთან, კუკავამ იმედი გამოთქვა, რომ სხვა დეპუტატებიც გაემიჯნებიან ამ პროცესს, მათ შორის განცხადებას ელოდება, დეპუტატ გედევან ფოფხაძისგან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ დღეს განმარტა, რომ ლევან მურუსიძეს 4 იანვარს გასდის სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, შესაბამისად, საბჭო ვალდებულია ვადის გასვლამდე იმსჯელოს კანდიდატის თაობაზე და სწორედ ამიტომ არის დანიშნული დღეს გასაუბრება.