კახა კუკავა - გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თემაზე რეფერენდუმს დავნიშნავ
თუ ხალხი პრეზიდენტად ამირჩევს, რეფერენდუმს დავნიშნავ შეკითხვით – უჭერთ თუ არა მხარს ვადამდელ არჩევნებს, რადგან თუ პრეზიდენტს ახალ პარლამენტთან თანამშრომლობის საშუალება არ ექნა, მისი ყველა დაპირება ფიქციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„თუ ამ რეფერენდუმზე დავუშვათ, ქართველი ხალხი კობახიძის პარლამენტს ვერ შეელევა და დასმულ შეკითხვას მხარს არ დაუჭერს, დაკავებული თანამდებობიდან ჩემი ნებით გადავდგები“, – განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, მსოფლიო არ იცნობს საპარლამენტო რესპუბლიკის იმ მოდელს, რომელიც ირაკლი კობახიძემ და რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს შესთავაზეს.
„როცა კონსტიტუციის ახალ მოდელში საარჩევნო სისტემა განისაზღვრებოდა, ისინი ამბობდნენ, რომ ტრაგედიაა, თუ მმართველ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა არ ექნება და კოალიციური მთავრობის შექმნა დაგვჭირდება, რაც ნონსენსია. ამას ირაკლი კობახიძის პროფესორები რომ ისმენდნენ, ორიანს დაუწერდნენ, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში, ათიდან ცხრა შემთხვევაში, უმრავლესობას სწორედ კოალიციები ქმნის. ის, რაც დღეს გვაქვს, უფრო რაღაც შუა აზიური მოდელია, ვიდრე კლასიკური გაგებით, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ან ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა“, – განაცხადა კუკავამ.
საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს პოლიტიკური სპექტრი 90-იანი წლების ელიტის, „მოქალაქეთა კავშირის“ ნარჩენებით არის წარმოდგენილი და ვადამდელი არჩევნები უნდა გახდეს საშუალება, პოლიტიკაში გზა ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალ ადამიანებს და ახალ იდეებს გაეხსნას.
დებატში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის შეკითხვაზე, რატომ ებრძვის მევახშეობას, კახა კუკავამ განაცხადა, რომ მევახშეობა ზესარგებელია და რა თქმა უნდა, ეს ბანკებისა და სესხების აკრძალვას არ ნიშნავს.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ განსაზღვრული უნდა იყოს პროცენტის ზედა ზღვარი, რომელიც საქართველოში არანორმალურად მაღალია. განსაკუთრებით, ეს შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და კერძო მევახშეებს, რომლებიც საერთოდ არალეგალურად საქმიანობენ. ბანკებში საპროცენტო განაკვეთმა ცოტა დაიწია. ასევე, უნდა აიკრძალოს ნულოვან აუქციონებზე საცხოვრებელი ფართების გაყიდვა და ადამიანების საცხოვრებლიდან გამოსახლება, თუ ისინი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით არ არიან უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კახა კუკავამ.