კახა კუკავა - ჩვენმა პარტიამ 50 000 ლარი დახარჯა და 22 000 ხმა აიღო, ასე იაფად ხმებს ვერც ერთი პარტია ვერ იღებს
ამ არჩევნებზე ჩვენმა პარტიამ დაახლოებით 50 000 ლარი დახარჯა და 22 000 ხმა აიღო, ასე იაფად ხმებს ვერც ერთი პარტია ვერ იღებს, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.
„ჩვენ რომ ნახევარი მილიონი ლარი გვქონოდა, მინიმუმ, მესამე ადგილზე გავიდოდით. სამართლიანი არ არის, როცა ჩვენ მცირე პარტიას გვიწოდებენ, ბოკერიას პარტიას კი მსხვილ პარტიას. უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ მან 20 მილიონი დახარჯა, მე კი – 50 000. მოდი, თანაბარი თანხა დავხარჯოთ, ვთქვათ, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარი და ვნახოთ, ბოკერია უფრო მეტ ხმას აიღებს, თუ კახა კუკავა“, – განაცხადა კუკავამ.
როგორც კუკავამ აღნიშნა, თუ იმუშავებს, მას შეუძლია, პარტიის 22 000 ხმა 80 000 გახადოს, მაგრამ იმ სისტემური ცვლილებებისთვის, რაც ქვეყანას სჭირდება, ეს საკმარისი არ არის.
„ჩვენს ქვეყანას დაახლოებით იმ ტიპის რეფორმები სჭირდება, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა მე-19 საუკუნეში გააკეთეს. მათ მთელი პოლიტიკური სისტემის ცვლილება მოახდინეს და ამას ჩემი 22 000 ხმა არ ჰყოფნის. ამიტომ საჭიროა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ“, – განაცხადა კუკავამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა დავით უსუფაშვილს, შალვა ნათელაშვილსა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ბატონო დავით, ბატონო შალვა, სხვა ბატონებო და ქალბატონებო, აქედანაც მოგმართავთ, ამ საპარლამენტო არჩევნებზე გავერთიანდეთ, სამუდამოდ კი არა, ერთჯერადად“, – განაცხადა კუკავამ.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, რა აქვს საერთო, მაგალითად, „გირჩისა“ და დავით უსუფაშვილის ამომრჩეველს, რადგან მესამე ცენტრი ახალი სახე კი არ არის, ის ახალი დღის წესრიგია, რომელმაც შესაძლოა, ახალი სახე მოიტანოს და რა არის იდეა, რომელიც იმ ამომრჩევლის რადიკალიზაციას მოახდენს, ვინც არჩევნებზე არ დადის, კახა კუკავამ განაცხადა, რომ მათი ამომრჩეველი, ე.წ შუაშისტები 15 ლარზე არ იყიდებიან, რაც კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი ამომრჩევლის დარწმუნება უფრო რთულია, ვიდრე ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაძახებულზე – მოვდივარ, მიდის და ხუთიანს ხაზავს.
„ამ შენს ამომრჩეველს ასე ვერ ელაპარაკები. გეთანხმებით, რომ ეს ახალი დღის წესრიგია, თორემ მე ან შალვას რომ იმხელა ავტორიტეტი გვქონდეს, ჩვენი გაერთიანება ეფექტს იძლეოდეს, არა. ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ საჭიროა მრავალპარტიული დემოკრატია, რათა სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, საარჩევნო სისტემა პროპორციული და ყოველი არჩევნები სამოქალაქო ომის მიჯნაზე არ გადიოდეს. ჩვენს ხალხზე ასეთი ცუდი წარმოდგენა არ მაქვს და არ მგონია, რომ მათ არ ესმოდეთ, ერთპარტიული მთავრობა ცუდი რატომ არის. შესაძლოა, ეს 100 პროცენტს არ ესმის, მაგრამ არც ის მგონია, რომ 30 პროცენტს არ ესმის. ამ 30 პროცენტს ამ საკითხზე კონცენტრირებაში რაღაცნაირად ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა კახა კუკავამ.