კახა კუკავა - ჩვენ გვაქვს დასავლური ფასეულობები, „ევროპულ საქართველოს“ კი ყოველთვის ანტიდასავლური პოზიცია ჰქონდა
კახა კუკავა - ჩვენ გვაქვს დასავლური ფასეულობები, „ევროპულ საქართველოს“ კი ყოველთვის ანტიდასავლური პოზიცია ჰქონდა

დღეს, ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში პროდასავლურობა იმას ნიშნავს, რომ ვინც მიშისტია, ისაა პროდასავლური, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“.

„დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, შალვა ნათელაშვილი, ირაკლი ოქუაშვილი და სხვები, ყველა არ მახსენდება, არის ხალხი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პროკურატურამ, თვითონ გვარამიამ ბრალი დასდო და ჩანაწერები გამოუქვეყნეს, რომ ისინი რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდნენ, რადგან ისინი მაშინ, მათ ოპოზიციაში იყვნენ. ახლა, ესენი არიან პროდასავლური ოპოზიციის ფლაგმანები. ხომ ასი პროცენტით ვიცით, რომ ხვალ რომ რაღაც მოხდეს და მაგალითად, ოქუაშვილმა, ან ნათელაშვილმა პოზიცია შეიცვალოს და აქეთ მხარეს გადმოვიდეს, ისევ პრორუსული გახდებიან, ეგრევე. გუბაზ სანიკიძე გუშინ ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო, დღეს კი პროდასავლური ოჯახის მფარველი ანგელოზი გახდა. ამიტომ, ეს აბსურდია“, – განაცხადა კუკავამ. 

მისი თქმით, პროდასავლურობა იმას უნდა ეფუძნებოდეს, რაც დასავლური ფასეულობებია – კერძო საკუთრება, თავისუფალი ბაზარი, დამოუკიდებელი სასამართლო და ასე შემდეგ.

„ამ საკითხებში ჩვენ გვაქვს დასავლური ფასეულობები, „ევროპულ საქართველოს“ კი ყოველთვის ანტიდასავლური პოზიცია ჰქონდა. ის სასამართლო, რაც დღეს გვაქვს, კერძო საკუთრების ნგრევა, საარჩევნო სისტემა და პარტიული მონოპოლიზაცია ხომ თქვენი შექმნილია?! ეს დასავლური მოდელი იყო?!“, – განაცხადა კუკავამ.

ამ განცხადებით „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა დებატებში მონაწილე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს მიმართა.

კახა კუკავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ტრიბუნას“ წამყვანს თხოვნით მიმართა, პროდასავლურობა-პრორუსულობის საკითხს ცალკე გადაცემა მიეძღვნას, სადაც ის და სხვა პარტიების წარმომადგენლები ამ თემაზე ისაუბრებენ, რაზეც გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ ეს შეთავაზება მიიღო.